რიში სუნაკი - ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის
ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ინდონეზიაში უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე და პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე საუბრისას განაცხადა.
„დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად მუშაობდნენ, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმას ახორციელებდა.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები მუშაობდნენ ერთად ჩვენი ხალხის წინაშე არსებული უდიდეს გამოწვევებთან გასამკლავებლად, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმებს ახორციელებდა. ამ თავდასხმების შემდეგ, ჩვენ დღეს გავმართეთ მოკავშირეების საგანგებო შეხვედრა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის და პოლონეთის მიმართ… ჩვენ, ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რომ არა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და უმოწყალო რეალობა. ვიდრე ეს გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ვიდრე ეს გრძელდება, ის გააგრძელებს გლობალური ეკონომიკის განადგურებას“, – განაცხადა რიში სუნაკმა.