რიში სუნაკი - უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების გამო, რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს
რიში სუნაკი - უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების გამო, რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს

რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს ბუჩაში, ირპენსა და მარიუპოლში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების გამო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურად რუსულ ძალებს კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ და ერთადერთი გზა, რითიც ეს შეიცვლება, არის უკრაინის გამარჯვება.

„დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარეს. ჩვენი, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ყოველთვის იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ახლა ამ ვალდებულებების ყველაზე დიდი მაგალითია პასუხი უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მიაწოდა უკრაინას ტანკები და რომელმაც გადაამზადა პილოტები, საზღვაო ძალები. ჩვენ მივეცით 2.3-მილიარდიანი ფუნტის დახმარება გასულ წელს და ამ დახმარებას კიდევ უფრო გავზრდით 2023 წელს.

ყველა მოკავშირეს იგივე ისტორია აქვს. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა განსხვავებულ ვითარებას გვაძლევს. ყოველდღიურად რუსულ ძალებს კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ და ერთადერთი გზა, რითიც ეს შეიცვლება, არის ის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია, რათა უკრაინამ მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე. ასევე, პოლიტიკური სტრატეგია, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა. უკრაინამ რომ მოიგოს ომი, მას სჭირდება მეტი არტილერია, შეიარაღება და საჰაერო თავდაცვა. ახლა არის დრო, გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო დახმარება. როცა პუტინმა დაიწყო ეს ომი, მან ფსონი დადო, რომ ჩვენი ერთიანობა დაირღვეოდა, ახლაც კი ფსონს დებს, რომ ჩვენ ვერ მოვთოკავთ ნერვებს, მაგრამ საპირისპირო დავუმტკიცეთ მაშინ და საპირისპიროს დავუმტკიცებთ ახლაც“, – აღნიშნა რიში სუნაკმა.

ამასთან, მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას შორი მანძილის იარაღს მიაწვდის.

„მომავალი თვეების განმავლობაში ჩვენ ერთად მივაწვდით უკრაინას იმაზე მეტ აღჭურვილობას, ვიდრე 2022 წელს. ჩვენ ერთად დავეხმარებით უკრაინას, რომ დაიცვას თავისი ქუჩები რუსული ბომბებისა და ირანული დრონებისგან. სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მიაწვდის შორი მანძოლის იარაღს. ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან, რომ მივაწოდოთ უკრაინას შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემები. დიდი ბრიტანეთი მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერ ქვეყანას, მიიღოს ის თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინელები მიიღებენ ახლა.

ასევე, უნდა გადავამზადოთ უკრაინელი პილოტები, რათა გამოიყენონ ყველაზე მოწინავე თვითმფრინავები. იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ საერთაშორისო წესრიგი, რაზეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება დგას. პირველი, დავიცვათ საერთაშორისო სამართალი, მთელმა მსოფლიომ აგებინოს რუსეთს პასუხი. ჩვენ უნდა დავინახოთ სამართლიანობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგოს რუსეთმა პასუხი ბუჩაში, ირპენსა და მარიუპოლში ჩადენილი ომის სასტიკი დანაშაულებების გამო. რუსეთმა ასევე პასუხი უნდა აგოს საშინელ განადგურებაზე, რომელიც სახეზე გვაქვს. ჩვენ ვმასპინლობთ ლონდონში უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას ივნისში და ვიმსჯელებთ, როგორ უნდა გადაიხადოს რუსეთმა ამ რეკონსტრუქციისთვის. მეორე, ცივი ომის შემდგომი პერიოდის ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა უკრაინა დააზარალა“, – განაცხადა რიში სუნაკმა.