რიში სუნაკი - შოკირებული ვარ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ „ჰამასის“ ტერორისტების თავდასხმებით, ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან სამოგზაურო რჩევები
დილიდან შოკირებული ვარ „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სოციალურ ქსელში წერს.
რიში სუნაკი ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სამოგზაურო რჩევები.
„ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელის ხელისუფლებასთან. ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან სამოგზაურო რჩევები“, – წერს სუნაკი.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ამასთან, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.