რიში სუნაკი - შოკირებული ვარ ამ საშინელი ამბით, ფიქრებით რობერტ ფიცოსთან და მის ოჯახთან ვართ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე რობერტ ფიცოზე თავდასხმას „შოკის მომგვრელი და საშინელი ამბავი“ უწოდა.
ამის შესახებ რიში სუნაკი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
„შოკირებული ვარ ამ საშინელი ამბით. ჩვენი ფიქრებით ვართ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან და მის ოჯახთან“, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.
რობერტ ფიცო ჰოსპიტალიზებულია. როგორც „ფეისბუქის“ მის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ქვეყნის მთავრობის მეთაურს რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. რობერტ ფიცო ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა.
სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.