რიში სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა. ამის შესახებ სუნაკმა საგარეო პოლიტიკის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სუნაკის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა, ისევე, როგორც „მიამიტური იდეა“, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმირებას გამოიწვევდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ლონდონმა კონკურენტების მიმართ სურვილზე დაფუძნებული აზროვნება „მტკიცე პრაგმატიზმით“ უნდა ჩაანაცვლოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის უგულებელყოფა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები.
რიში სუნაკი ასევე გამოეხმაურა ჩინეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებსა და „ბიბისის“ ჟურნალისტის დაკავებას.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი წარმოადგენს სისტემურ გამოწვევას ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ეს გამოწვევა სულ უფრო მწვავე ხდება მის ავტორიტარიზმისკენ მეტ სვლასთან ერთად“, – განაცხადა სუნაკმა.
რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმუშავებს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასა და იაპონიასთან ამ მწვავე კონკურენციის სამართავად, მათ შორის დიპლომატიით და ჩართულობით. „ეს ნიშნავს, წინ აღვუდგეთ ჩვენს კონკურენტებს არა ხმამაღალი რიტორიკით, არამედ მტკიცე პრაგმატიზმით“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.