რიში სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს
პუტინიც და „ჰამასიც“ დამარცხდებიან, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თემთა პალატის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს.
„მივესალმებით რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის შეზღუდულ გახსნას, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და დიპლომატიის ძალაუფლების დასტურია, მაგრამ საკმარისი არ არის. გვჭირდება მუდმივი დახმარების ნაკადი, რომლის მეშვეობითაც შევა წყალი, საკვები, წამალი და საწვავი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ზეწოლას. ჩვენ უკვე გამოვყავით 10 მილიონი ფუნტი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ახლა კი წინ მივდივართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვყოთ 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რაც ორჯერ აღემატება პალესტინელი ხალხისთვის ჩვენს წინა დახმარებას“, – განაცხადა სუნაკმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება იყოს არავითარი სცენარი, სადაც „ჰამასს“ მიეცემა უფლება, გააკონტროლოს ღაზა.
ამასთან, სუნაკის განმარტებით, დაზვერვის ექსპერტების ანალიზის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო რაკეტით ან მისი ნაწილით, რომელიც ღაზიდან ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული. რიში სუნაკის თქმით, საავადმყოფოს აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციის არასწორად გავრცელებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა რეგიონზე.
„საქმე როცა ასე დელიკატურია, ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვიმოქმედოთ მხოლოდ ფაქტების საფუძველზე. ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ საზარელ აფეთქებაზე რეაქცია იყო ამის მაგალითი. როგორც გასულ კვირას აღვნიშნე, ჩვენ გადავხედეთ ამჟამად არსებულ ყველა მტკიცებულებას და ახლა შემიძლია, გავუზიარო ჩვენი შეფასება პალატას. ჩვენი დაზვერვის ექსპერტების ღრმა ცოდნისა და ანალიზის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო რაკეტით ან მისი ნაწილით, რომელიც ღაზიდან ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული. ამ ინციდენტის არასწორად გავრცელებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა რეგიონზე“, – განაცხადა სუნაკმა.