რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია [ვიდეო]
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება ცენტრალური მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილზე წუხელ გვიან ღამით შეიზღუდა.
რიკოთზე ამ დროისთვის ძლიერი თოვაა, რის გამოც გზის გახსნა სრულად, ყველა სახის ტრანსპორტისთვის ვერ ხერხდება.
გამთენიისას შეზღუდვა მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებისთვის, რომელთა მოძრაობა დილის ექვს საათამდე მხოლოდ სპეციალური ჯაჭვებით იყო ნებადართული.
„დილით ექვს საათზე გავხსენით გზა მსუბუქი ავტომანქანებისთვის. მთელი ღამე თოვდა. ტექნიკა არ გაგვიჩერებია, ვმუშაობთ. გაწმენდილია გზა და იყრება ტექნიკური მარილი. ვფიქრობდით გზის გახსნას სატვირთოს ვისთვისაც, თუმცა კვლავ განახლდა თოვა. ამ დროისთვის შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელინი ტრანსპორტისთვის“, – განაცხადა ტექნიკური ზედამხედველობის ხელმძღვანელმა, მიხეილ დოფიძემ.