უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული რიკოთის უღელტეხილზე. შეზღუდვები ეხება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებას. რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანებს, მათთვის მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე შეუფერხებლად ხორციელდება.
ამ წუთებში ინტენსიურად თოვს რიკოთის უღელტეხილზე. ძლიერ თოვლს ქარიც ემატება, რამაც გზებზე ვითარება კიდევ უფრო გაართულა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები. შესაბამისი ტექნიკით იწმინდება გზა, იყრება ტექნიკური მარილი.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგზაო საზედამხედველო კომპანია “იგჰ”-ს ტექნიკურმა ზედამხედველმა მიხეილ დოფიძემ განუცხადა, ძლიერი თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული შეზღუდვები დღეს სავარაუდოდ არ მოიხსნება.
“სტიქიურად თოვს ამ წუთებშიც. ნალექი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ჩვენ ვმუშაობთ, მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა ნალექი იმდენად უხვია, რომ სრულად გაწმენდა გზის ვერ ხერხდება. ასეთ პირობებში ვფიქრობ, შეზღუდვები სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებაზე შენარჩუნდება”, – განაცხადა მიხეილ დოფიძემ.
სატვირთო მანქანები აგარა- ხაშურის მონაკვეთზე არიან გაჩერებული.