რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის, რიკოთის საუღელტეხიულო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი, ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
„აღნიშნულ მონაკვეთებზე აქტიურად მიმდინარეობს გვირაბებისა და ხიდების მშენებლობა. ხელშეკრულება უკვე გაფორმდა ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები.
უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე. მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს ოთხ ზოლიანი ავტომაგისტრალის 14.7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ბეტონის საფარით. პროექტით გათვალისწინებულია 14 ხიდის (საერთო სიგრძით 5.0 კმ) და 12 გვირაბის მშენებლობა (საერთო სიგრძით 8.5 კმ)“ ,- აღნიშნულია აავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი. უწყების ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე რეგიონში საქართველოს პოზიციების გაუჯობესებისათვის, როგორც მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“ ,- აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.