რიკოთის გვირაბში დღეიდან 9 მაისის ჩათვლით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რიკოთის გვირაბში დღეიდან 9 მაისის ჩათვლით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან 9 მაისის ჩათვლით დროის გარკვეულ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისს 22:00 საათიდან 8 მაისის 08:00 საათამდე, 8 მაისს 22:00 საათიდან 9 მაისის 08:00 საათამდე და 9 მაისს – 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.