რიკოთის ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ახალი ტენდერი გამოცხადდება
რიკოთის ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ახალი ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ პარლამენტში ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ამ მონაკვეთის დაფინანსებაა იაპონური. JICA-ს პირობით, მხოლოდ იაპონურ კომპანიებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ტენდერში. სამწუხაროდ ფასი, რომელიც მივიღეთ ორი იაპონური კომპანიიდან, დაახლოებით 400 მილიონი ლარით აღემატებოდა საპროექტო ღირებულებას და სესხის ღირებულებას. ამიტომ, დამფინანსებელთან შეთანხმებით ეს პროცესი შევწყვიტეთ და მიდის მოლაპარაკებები ორ დონორ ორგანიზაციასთან, რათა უახლოეს მომავალში დავიწყოთ ეს პროექტი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე მეტი ინვესტიცია სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურაში იდება.
„ეს არის მარშრუტი წითელი ხიდიდან, სადახლოდან სარფამდე. 2018-2023 წლების განმავლობაში 227 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც სავარაუდოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან, მიმდინარეობს 77 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები 81 კმ. მონაკვეთზე, სადაც ინვესტიცია დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარია“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.