რიკარდ იოზვიაკი - ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს ხედავს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც კრემლთან სავაჭროდ გამოიყენებს
რიკარდ იოზვიაკი - ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს ხედავს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც კრემლთან სავაჭროდ გამოიყენებს

ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს დღესაც ხედავს, როგორც ნეიტრალური, ნატო-ს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც ის კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით – „რა მიიღო (და რა ვერ მიიღო) უკრაინამ ვილნიუსში“.

როგორც იოზვიაკი წერს, ნატო-ს რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით გაუმხილა, რომ ისიც კი საოცრება იყო, რომ სამიტის დეკლარაციის ტექსტში უკრაინასთან მიმართებაში სიტყვა „მოწვევა“ საერთოდ ახსენეს.

„ეს უფრო შორს მიდის, ვიდრე წინა დოკუმენტები. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ვადებისა და პირობების გაწერის გარეშე ეს სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავს. რატომ არ ჩასვეს ტექსტში კონკრეტული პირობები? სტოლტენბერგმა სამიტზე ზოგადი ფრაზები თქვა „კორუფციასთან ბრძოლის“ საჭიროებაზე. თუმცა, ზელენსკისთვის ცხადი იყო, რომ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ მიიწვევდნენ – „სხვა მოსაზრება არავისგან მომისმენიაო“, – თქვა მან. დიპლომატებმა მითხრეს, რომ ომის დასრულების შემდეგ გაწევრიანებაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რადგან ეს წაახალისებდა რუსეთს, რომ არასდროს დაესრულებინა ომი – თუნდაც მუდმივად ებომბა უკრაინა თავისი ტერიტორიიდან და ამით აღეკვეთა მისი ალიანსში გაწევრიანების მცდელობა.

უკრაინას და მის უახლოეს მოკავშირეებს სურდათ, რომ ტექსტში ნახსენები ყოფილიყო რამე კონკრეტული ვადები ან ნაბიჯები კიევის ნატო-ში გასაწევრიანებლად – მაგალითად, რომ ამ საკითხს ნატო-ს შემოდგომის მინისტერიალზე განიხილავდნენ ან, რომ 2024 წლის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე შეაფასებდნენ ვითარებას.

ამ მხრივ ბუქარესტის დეკლარაცია სჯობდა კიდეც. იქ ნათქვამი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები 2008 წლის დეკემბერს უკრაინისა და საქართველოს პროგრესს შეაფასებდნენ, თუმცა რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე იმავე წლის აგვისტოში მთელი პროცესი ჩაშალა“, – წერს იოზვიაკი.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასევე ვერ მოხვდა ფრაზა: „უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია“ – წინადადება, რომელიც სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტის დროს წარმოთქვა.

„დიპლომატებმა მითხრეს, რომ დოკუმენტის პირველი მონახაზი მაისში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე დახურულ კარს მიღმა შეათანხმეს და მას შემდეგ ის მაინცდამაინც არც შეცვლილა. იქ ჩამოთვლილი იყო, თუ რას სთავაზობს ნატო კიევს – MAP-ი საჭირო აღარ არის, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო და დაწესდება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა, რომელიც წელიწადში 500 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ცხადი იყო, რომ აშშ-სა და გერმანიას უფრო შორს წასვლა არ სურდათ. რატომ? დიპლომატებმა ორი განსხვავებული მიზეზი დამისახელეს. პირველია შიში, რომ უკრაინაზე მეხუთე მუხლის – კოლექტიური თავდაცვის პირობის – გავრცელებასთან დაახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნატო-ს პირდაპირი კონფრონტაცია მოსკოვთან. მეორე მიზეზი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ – ამ დროს ამერიკაში საპრეზიდენტო კამპანია იქნება გახურებული.

ამ მხრივ საინტერესო იყო აშშ-ის პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე დაკვირვება. მას ბრიფინგი არ ჩაუტარებია – რაც უჩვეულო იყო ნატოს სამიტზე დამსწრე აშშ-ის პრეზიდენტისგან – და არც სახელმწიფოს სხვა მეთაურების სადილს დასწრებია. სამაგიეროდ, ის დიდხანს ელაპარაკა ზელენსკის და, სამიტის დასრულების შემდეგ, ვილნიუსის უნივერსიტეტში მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა. „ჩვენ არ ვიყოყმანებთ. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ თავისუფლებას დღეს, ხვალ, და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“. თუმცა, ბევრმა მიიჩნია, რომ ეს სიტყვები, უკრაინაზე არანაკლებად, მისი ლიეტუველი მასპინძლების გასაგონად იყო ნათქვამი“, – წერს იოზვიაკი.

მისი თქმით, სამიტის მეორე დღე უკრაინისათვის პოლიტიკური და სამხედრო დახმარების განხილვას მიეძღვნა და ამან განწყობა ყველას გამოუკეთა.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო აბზაცი შეეხებოდა უკრაინის მხარდაჭერას „მომავალში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში“. ზუსტად ვერავინ ამიხსნა, თუ რას ნიშნავს „მომავალი თავდასხმა“ მიმდინარე ომის კონტექსტში, თუმცა, ჩემი ინტერპრეტაციაა, რომ იგულისხმება გრძელვადიანი მიდგომა, თუ რამე დროს მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც შემდეგ რუსეთი დაარღვევს“, – აღნიშნავს იოზვიაკი.

მისივე თქმით, დიპლომატები, ვისაც ესაუბრა, აღიარებენ, რომ უკრაინამ წელს ფრონტზე რაიმე წინსვლა უნდა აჩვენოს, რადგან ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში და, რაც მთავარია, აშშ-ში 2024 წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება.

„ბევრი რამე იქნება დამოკიდებული უკრაინის სამხედრო წარმატებებზე. დიპლომატები, ვისაც მე ვესაუბრე, აღიარებენ, რომ უკრაინამ წელს ფრონტზე რაიმე წინსვლა უნდა აჩვენოს, რადგან ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში და, რაც მთავარია, აშშ-ში 2024 წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თავად ზელენსკის დარწმუნების ძალა – ვილნიუსში ქუჩაში ხალხი მას ისე ხვდებოდა, როგორც როკვარსკვლავს ხვდებიან ხოლმე, თუმცა მოკავშირეები უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ „ტვიტერზე“ გამოთქმული კრიტიკით.

მთელ ამ დისკუსიებს კი თან გასდევს მითქმა-მოთქმა, რომ თითქოს ამერიკელები თავიანთ არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთთან, რომელიც შეეხება ომის დასრულებას რაღაც სახით გარიგების მეშვეობით. მე ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს დღესაც ხედავს, როგორც ნეიტრალური, ნატო-ს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც ის კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს“, – აღნიშნულია სტატიაში.