„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
იოზვიაკი სტატიაში ასახელებს ოთხ სავარაუდო ვერსიას, „რა პასუხი შეიძლება გასცეს ევროკავშირმა ქვეყანაში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას“. კერძოდ: ქვეყნისთვის ევროკავშირის დაფინანსების შემცირება, ქართველი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების დასანქცირება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.
რიკარდ იოზვიაკის შეფასებით, ყველაზე აშკარა ვარიანტი, რომელსაც ასევე აშშ-ის კონგრესი განიხილავს, ქართველი პოლიტიკოსებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და მათი ფინანსების გაყინვაა. ამავდროულად, რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან გადაწყვეტილების მიღებას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება სჭირდება.
„ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შემცირება არის ის, რაც ევროკომისიას წევრი ქვეყნების მწვანე შუქის გარეშე შეუძლია, მაგრამ აქაც არის დაბრკოლება. საქართველო ყოველწლიურად იღებს დაახლოებით 85 მილიონ ევროს გრანტების სახით. ნაწილი მიდის პირდაპირ სახელმწიფოსთან, ნაწილი კი ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებთან. ამ ფულის დიდი ნაწილი მიდის ქვეყნის სამოქალაქო სექტორის მხარდასაჭერად, რომლის დაცვაც ბრიუსელს ახლა ისე სურს, როგორც არასოდეს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
ამასთან, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების საკითხზე ჟურნალისტი სტატიაში აღნიშნავს, რომ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის ისტორიაში ამ სტატუსის გაწვევის პრეცედენტი არ ყოფილა.
„მოცემულ მომენტში საქართველოს ოფიციალურად აქვს კანდიდატის სტატუსი და შემდეგი ნაბიჯი არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. თუმცა ბევრის მხრივ, ეს საკითხი არის სადავო, რადგან გაფართოების შესახებ არანაირი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. ამ საკითხზე ევროკომისიის ვრცელი ანგარიში უნდა იქნას წარმოდგენილი ოქტომბერში, შემდეგ კი, მის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტიელბა დეკემბერში. ერთი უმნიშვნელო გართულება აქ იმაში მდგომარეობს, რომ, დიდი ალბათობით, ივნისის ბოლოსთვის ევროკავშირი მიზნად ისახავს, ოფიციალურად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები მოლდოვასა და უკრაინასთან, ისევე, როგორც სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების წინ წაწევას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა ბანაკის დასაკმაყოფილებად, რომლებიც მხარს უჭერენ ბლოკში გაწევრიანების მსურველებს დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, უკვე ისედაც რთულ პოლიტიკურ ქორეოგრაფიას მოითხოვს. ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის, ვისაც ვესაუბრე, ძალიან ცოტას სურს, კიდევ უფრო გაართულოს საქმეები, საქართველოს საკითხის დამატებით“, – წერს იოზვიაკი.
როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ამ მხრივ ყველაზე სავარაუდო სცენარი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, როდესაც საქართველო შეინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში არ გაიხსნება.
„პოლიტიკის შემქნელებისთვის კითხვა მდგომარეობს იმაში, საერთოდ აღიქვამს კი საქარველოს მთავრობა ამას, როგორც უკუსვლას? მოლაპარაკებებს საუკეთესო კანდიდატებთანაც კი წლები სჭირდება და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის შეუძლია, მიუთითოს იმ ფაქტზე, რომ სწორედ მათ უზრუნველყვეს საქართველსოთვის კანდიდატის სტატუსი 2023 წელს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
ამავდროულად, იოზვიაკი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ჰყავს მეგობრები მაღალ თანამდებობაზე, რომლებსაც შეუძლიათ ტკივილის შემსუბუქება. იოზვიაკი ასეთად ასახელებს უნგრეთს, სლოვაკეთს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. აღნიშნულთან დაკავშირებით რიკარდ იოზვიაკი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 14 მაისს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ევროკავშირს განცხადების გასავრცელებლად 21 საათი დასჭირდა – უნგრეთმა და სლოვაკეთმა განცხადების არაერთი ვარიანტი დაბლოკეს.
ამასთან, როგორც იოზვიაკი ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, უნგრეთს სჯერა, რომ ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს შიდა საქმეებში, ხოლო სლოვაკეთის ახალი მთავრობა თავად აპირებს „უცხოელი აგენტების“ მსგავსი კანონის მიღებას, რომლის გამოყენება შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყოს შესაძლებელი.
სტატიაში რიკარდ იოზვიაკი ასევე აღნიშნავს: „როდესაც წევრი სახელმწიფოები საქართველოსთან მიმართებაში განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა, თუმცა ამ განცხადების გავრცელებაც ვარჰეიმ შეაყოვნა, რომელმაც საბოლოო ჯამში საკუთარი ხელმოწერა ჩახსნა, რადგან არ ეთანხმებოდა ტექსტს, რომელიც „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირებდა. საინტერესო იქნება იმის ხილვა, რამდენად წინ წავა საქართველოს მხარდამჭერი ვარჰეი. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადანაშაულა ის გასულ კვირას სატელეფონო სუაბრისას საქართველოს მისამართით მუქარაში, ვარჰეიმ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი“.
რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ „რჩება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ეს საიმედო ვარიანტია, რადგან ერთსულოვნებას არ მოითხოვს“.
„მის დასამტკიცებლად საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა – წევრი სახელმწიფოების 55 პროცენტი, ანუ 27-დან 15 წევრი სახელმწიფო, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65 პროცენტს წარმოადგენენ, თუმცა ეს შესაძლოა, იყოს საკამათო ნაბიჯი, რადგან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა, ალბათ ევროკავშირის ყველაზე პოპულარული პოლიტიკაა ქართველებს შორის. ბევრ დიპლომატს ევროკავშირის ქვეყანაში სჯერა, რომ ასე მთელი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება უსამართლობა იქნება. რამდენადაც ვხვდები, იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ამ ვარიანტს განიხილავენ ან ბოლომდე არ გამორიცხავენ მას, იზრდება, თუმცა კვალიფიციური უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობა ჯერ არ არის“, – წერს იოზვიაკი.
რიკარდ იოზვიაკი სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია ისტორიაში ერთხელ გააუქმა ვანუატუსთან მიმართებაში. იოზვიაკი განმარტავს, რომ 2022 წლის მარტში სახელმწიფოს უვიზო მიმოსვლა დროებით შეუჩერდა „ოქროს პასპორტების“ – ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სისტემის გამო, რომელსაც ეს ქვეყანა იყენებდა. რიკარდ იოზვიაკის განმარტებით, იმის გამო, რომ ვანუატუს მთავრობამ არანაირი ზომა არ მიიღო, 2022 წლის ნოემბერში ბრიუსელმა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია გაუუქმა.