ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა „RigaFood 2018” გაიხსნა, სადაც „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული კუთხე მოეწყო.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკვები მრეწველობის გამოფენაზე პროდუქცია 11-მა კომპანიამ წარადგინა.
ქართულ სტენდთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა, სოლომონ პავლიაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იანის დუკლავსსა და ლატვიის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, კასპარს გერჰარდს უმასპინძლა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2017 წელს საქართველოდან ლატვიაში განხორციელდა 116 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პომიდვრისა და 81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვის ექსპორტი. აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი ლატვიაში გასულ წლებში არ ხორციელდებოდა. 2016 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა სპირტიანი სასმელების (2.5-ჯერ), თხილის (17.7%-ით), ბოსტნეულის-ძირითადად მწვანილი, (64%-ით) და მოხალული თხილის (2.3-ჯერ) ექსპორტი.
საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „RigaFood 2018” დღეს სრულდება. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზემეტი კომპანია და 15 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, წარდგენილია ეროვნული სტენდით.