რიჩარდ ჩარნეცკი - განსაკუთრებით პატივი უნდა ვცეთ საქართველოს სურვილს და მისწრაფებას ევროკავშირისადმი
განსაკუთრებით პატივი უნდა ვცეთ საქართველოს სურვილსა და მისწრაფებას ევროკავშირისადმი – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ პირველ არხს განუცხადა. ჩარნეცკის თქმით, მისი ქვეყანა – პოლონეთი ურთიერთობების გაღრმავებას და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას ემხრობა.
„ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, მაგრამ ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი საქართველოსთვის და არ არის საკმარისი საქართველოს მეგობარი ქვეყნებისთვის. ასე ფიქრობს მაგალითად, პოლონეთი. ჩემი ქვეყნა ურთიერთობების გაღრმავებას და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას ემხრობა. აუცილებელია, გვქონდეს გეგმა და მკაფიოდ განისაზღვროს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ და რა ევროკავშირმა იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. ეს არ უნდა იყოს გათვლილი და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ 2017, 2019 და 2021 წლით. ჩემი აზრით, უნდა დავიწყოთ საუბარი საქართველოს მომავალ წევრობაზე.
ამ საკითხზე ბევრ ჩემს კოლეგას ევროპარლამენტში განსხვავებული პოზიცია აქვს. განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. მათთვის ახალი წევრების მიღება თავის ტკივილს წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ეხება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაღოთ კარი. შესაძლოა, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე იყოს გათვლილი, მაგრამ ევროკავშირის კარი უნდა ღია იყოს და ევროპული მისწრაფება უნდა ვაღიაროთ. ამ თემაზე მეგობრებთან უნდა ვისაუბროთ ღიად და გულწრფელად. განსაკუთრებით პატივი უნდა ვცეთ საქართველოს სურვილს და მისწრაფებას.
თქვენ მოაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ელოდებით უფრო მეტს. საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია შიშობენ, რომ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება შესაძლოა, ფინანსური კუთხით გამოწვევა გახდეს ორგანიზაციისთვის. ევროპელი გადასახადის გადამხდელები საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი ახალი გამოწვევების მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ღიად არ ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და პერსპექტივა არ მივცეთ ასოცირებულ ქვეყნებს. თქვენ სავსებით ობიექტურად ითხოვთ დეკლარაციას, სადაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება ასახული. არ არის ახალი, რომ ევროკავშირში განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს.
ტრადიციულად, პოლონეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების და ახლო კონტაქტების მომხრეა. დასავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო სკეპტიკურად უყურებენ საკითხს, მაგრამ აზრთა თანხვედრის წერტილები უნდა ვიპოვოთ და დავიწყოთ საუბარი მომავალ წევრობაზე. შესაძლოა, რომ ეს იყოს 15 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ ან 2 წლის შემდეგ. საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს ნაბიჯი ევროკავშირმა გადადგა და არ უნდა გავჩერდეთ. პარტნიორებს უნდა შევთავაზოთ კონკრეტული წინადადებები“, – განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.