რიაზანში ნავთობქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას ადასტურებს ოლქის გუბერნატორი პაველ მალკოვი. როგორც მალკოვი ტელეგრამარხში წერს, იერიშის შედეგად ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი ცნობებით, არიან დაშავებულები.
რუსული მედია იტყობინება, რომ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ხანძრის შედეგად ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ბელგოროდში ფედერალური უსაფრთხოების შენობაზე დრონით დარტყმა განხორციელდა. გავრცელებული ცნობებით, დაზიანებულია შენობის ფასადი, ჩამსხვრეულია მინები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ და დღეს დილით რუსეთის რეგიონების თავზე 58 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. აქედან, უწყების მტკიცებით, 11 დრონი გაანადგურეს ბელგოროდის ოლქში, 29 – ვორონეჟის ოლქში, რვა – ბრიანსკის ოლქში, რვა – კურსკის ოლქში, რიაზანისა და ლენინგრადის ოლქებში კი – თითო უპილოტო საფრენი აპარატი.