რეზო აფხაზავა - განათლების პოლიტიკის მესაკუთრე საზოგადოება უნდა იყოს და მათ შორის, დამკვეთიც
სამწუხაროდ, განათლება საზოგადოებისთვისაც არ არის პრიორიტეტული, – ამის შესახებ განათლების მკვლევარმა, რეზო აფხაზავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საზოგადოებრივი აზრის კვლევებს რომ ვატარებთ, განათლებას, როგორც პრობლემას, ორი პროცენტი მიიჩნევს. არსებობს კვლევა, სადაც წერია, რომ ქვეყანაში განათლებას ორი პროცენტი ასახელებს პრობლემურ საკითხად. იგივე PISA-ში ჩაიხედეთ, ეს მოსწავლეები, რომლებიც საშინელ შედეგებს აფიქსირებენ, მათი 74 პროცენტი ბედნიერია თავისი განათლების სისტემით. TALIS-ის კვლევაში ჩვენი მასწავლებლები ყველაზე კმაყოფილი არიან თავიანთი პრაქტიკით. ეს, რაც ჩვენთან ხდება, არაადეკვატურობის დღესასწაულია და საზოგადოების დაკვეთაც არ არის განათლებაზე“, – განაცხადა აფხაზავამ.
როგორც განათლების მკვლევარმა აღნიშნა, გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რაც ძალიან კარგია, მაგალითად, განათლების სისტემაში მასწავლებელთა როტაცია, მაგრამ შეიძლება, ეს დღესვე გაჩერდეს.
„შეიძლება კი არა, როგორც კი არჩევნები მოახლოვდება, გაჩერდება. განათლების პოლიტიკა ვიღაცის ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ არის, ხალხო. ხელისუფლებებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყვნენ და არიან ძალოვანები და ეკონომიკური გუნდის მინისტრები, რადგან ძალოვანი მინისტრი ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და არა განვითარებას, განათლების სამინისტრო კი გასათამაშებელი კარტია“, – განაცხადა აფხაზავამ.
რეზო აფხაზავამ ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე განვითარებული მსოფლიო სამრეწველო ეკონომიკებიდან განათლების ეკონომიკაზე გადავიდა და დღეს, ჩვენ ეს გვაწყობს.
„იმიტომ, რომ ეს სამყაროს ტრენდია და გვაქვს შანსი, განათლებით განვვითარდეთ და ვირჩინოთ თავი, მაგრამ რას ვაკეთებთ?! ვაკეთებთ იმას, რომ არსებული მონაცემებით და ასეთი ტენდენციით დაუსრულებლად გაგრძელდება ეს მდგომარეობა. გამოსავალი იმაშია, რომ განათლების პოლიტიკა იმ ადამიანების მიერ უნდა იქმნებოდეს, ვისაც განათლების პოლიტიკაში რაღაც გაეგებათ. განათლების პოლიტიკა სამინისტროში და მინისტრის მიერ კი არ უნდა იქმნებოდეს, არამედ საზოგადოების მაღალი ჩართულობით. ამ პოლიტიკის მესაკუთრე საზოგადოება უნდა იყოს და მათ შორის, დამკვეთიც“, – განაცხადა რეზო აფხაზავამ.