რეზი ქოიავა - საქართველოსთვის, პირველ რიგში, მთავარი ამოცანაა შიდა სტაბილურობის, მშვიდობის შენარჩუნება იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება
საქართველოსთვის, პირველ რიგში, მთავარი ამოცანაა შიდა სტაბილურობის, მშვიდობის შენარჩუნება იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუმცა, ჩვენ გლობალიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დეგლობალიზაციის პროცესები შეინიშნება, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოზე არ არის დამოკიდებული აქ ბევრი საგარეო პოლიტიკური ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი“, – განაცხადა ქოიავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ ვითარებაში, როდესაც ომი მიმდინარეობს უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვაგანაც ბევრგან არის ფეთქებადსაშიში ვითარება, ხოლო ამ კონფლიქტებში, ამა თუ იმ ფორმით, მსოფლიოს ყველა წამყვანი და ბევრი არაწამყვანი სახელმწიფო მონაწილეობს, რამდენად რეალურია რეგიონული ომების დასრულება დიდი მსოფლიო დაზავების და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების გარეშე, რეზი ქოიავამ განაცხადა, რომ ეს ალბათ, არ არის შესაძლებელი, რადგან დღეს, სამყარო არის სრულიად განსხვავებული იმ მოცემულობისგან, რაც ადრე არსებობდა.
„ცივი ომის დროს, რომელიც ყველაზე მასშტაბურ კონფლიქტად ითვლებოდა, ამ თვალსაზრისით სამყარო ყველაზე გლობალიზებული იყო, რადგან ყველა ომი იყო ერთი დიდი გლობალური დაპირისპირების ნაწილი და ამ კონტექსტში განიხილებოდა, იქნებოდა ეს ვიეტნამში, კორეაში, თუ რევოლუციური გადატრიალებები და სხვაგან და სხვაგან. ახლა, ჩვენ ვხედავთ ფრაგმენტაციას. მუდმივად მიდის საუბარი მულტიპოლარული სამყაროს დადგომაზე და ხშირად წარმოაჩენენ, რომ ეს არის დადებითი მოვლენა, რადგან ხმის ამოღების, საკუთარი შეხედულების წამოყენების უფლებას აძლევს იმ ხალხებს, რომლებსაც ამის საშუალება ადრე არ ჰქონდათ, მაგრამ ეს მხოლოდ დადებით კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ამავდროულად, ამას მოჰყვება ახალი კონფლიქტები და ახალი დაპირისპირებები. დღევანდელ კონფლიქტებს, ყველას, ვერ ჩავწერთ მაგალითად, დასავლეთისა და რუსეთის ახალი ცივი ომის კონტექსტში, როგორც მაგალითად, განიხილება უკრაინის შემთხვევა. ასე ვერ განვიხილავთ მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტს და ასე ვერ განვიხილავთ ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას, რომელსაც თავისი დიდი ისტორია აქვს და ალბათ, უფრო რეგიონულ პროცესებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ქოიავამ.
მისი თქმით, მსოფლიო უფრო რთულ ეპოქაში დაბრუნდა და ახლა, უფრო არქაული მეთოდებით ხდება საკითხების გადაწყვეტა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა თანამედროვე ეპოქაში.
„კაცობრიობა რეალურად, დგას მარადიული გამოწვევის წინაშე. მუდმივად ხდება ტექნოლოგიური პროგრესი, მაგრამ ამას პოლიტიკური პროგრესი ფეხს ვერ უწყობს“, – განაცხადა ქოიავამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მოუწევს დასავლეთს სხვა პოლიტიკურ აქტორებთან თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის შესანარჩუნებლად, რეზი ქოიავამ განაცხადა, რომ ახლა აღარ არსებობს სამყარო, რომელიც ცივი ომის შემდეგ შეიქმნა, რომელიც იყო ერთადერთი ჰეგემონი და ახლა დგება სამყარო, სადაც არსებობს სამი გზა, რომლითაც შეიძლება, ეს სამყარო დარეგულირდეს.
„ან უნდა მოხდეს ძველი წესების კვლავ განახლება, რაზეც მაგალითად, ჯოზეფ ბორელი საუბრობს ხშირად და რაზეც თანახმა არ არის დასავლეთის გარეთ სამყარო, ან უნდა მოხდეს ახალი წესების შექმნა, მაგრამ ამას ახალი ლიდერების წარმოჩენა სჭირდება და რთული წარმოსადგენია, ასეთი მასშტაბური ლიდერი კვლავ გამოჩნდეს სამყაროში, ან სამყარო უნდა მივიდეს თვითრეგულირების მექანიზმამდე, რომ არ დაუშვას მძიმე კატასტროფებში საკუთარი თავის ჩაბმა, იქნება ეს ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშინელებები“, – განაცხადა რეზი ქოიავამ.