რეზი ქოიავა - აშშ-სა და ჩინეთს აქვთ გარკვეული გამოწვევები, ისინი დაინტერესებული არ არიან ერთმანეთთან პირდაპირი, გენერალური დაპირისპირებით
რეზი ქოიავა - აშშ-სა და ჩინეთს აქვთ გარკვეული გამოწვევები, ისინი დაინტერესებული არ არიან ერთმანეთთან პირდაპირი, გენერალური დაპირისპირებით

აშშ-სა და ჩინეთს აქვთ გარკვეული გამოწვევები და ისინი დაინტერესებული არ არიან ერთმანეთთან პირდაპირი, გენერალური დაპირისპირებით, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამ შემთხვევაში აშშ-ს, ასე ვთქვათ, უკრაინის ომი აქვს ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში არის პრობლემები, ჩინეთში კი ახლა მთავარი გამოწვევა ეკონომიკური პრობლემებია, ზრდის ის მოდელი, რასაც ჩინეთი 40 წელი მიჰყავდა წინ. ექსპორტზე დაფუძნებულმა ზრდამ უკვე ამოწურა თავი და ახალი მოდელი ჯერჯერობით ეფექტიანად ვერ მუშაობს, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარეც. შესაბამისად, არცერთი მხარე არ იყო დაინტერესებული დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადატანით, მაგრამ ეს დროებითი განმუხტვა, ცხადია, არ ცვლის ანტაგონისტურ დამოკიდებულებას, რომელიც აშშ-ჩინეთს შორის არსებობს. ეს იცის ორივე ქვეყნის ლიდერმა; იცის სი ძინპინმა, რომელიც ცდილობს, ყველანაირად შეამციროს ამერიკული გავლენა ჩინეთზე; ცხადია, იცის ჯო ბაიდენმაც, ეცოდინებათ აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტებსაც და მათ ზურგს უმაგრებს ორპარტიული ანტიჩინური კონსენსუსი, რომელიც აშშ-ის კონგრესში არსებობს“, – განაცხადა ქოიავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოსთვის პოზიტიური აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ქოიავამ განაცხადა, რომ ეს პოზიტიურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და, ცხადია, გლობალური განმუხტვა საქართველოზეც აისახება, თუმცა „ალბათ, ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებში არ ღირს საქართველოს როლის გადამწყვეტ ფაქტორად წარმოჩენა“. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმ ფონზე, როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობა მათი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია, რის მანიშნებელია საქართველოში აშშ-ის ელჩის გაღიზიანება. კერძოდ, წამყვანმა გადაცემის სტუმარს შეახსენა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის კონტექსტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე რობინ დანიგანის კომენტარი: „ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭიროა, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ“ და ასევე ელჩის განცხადება: „ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა“. აშშ-ის ელჩის განცხადებებზე საუბრისას რეზი ქოიავამ აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთს შორის განმუხტვა მოხდა, მაგრამ დაპირისპირების ლოგიკა არ შეცვლილა, ის გაგრძელდება და ორივე ქვეყანა ეცდება, სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთს ხელი შეუშალონ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში.

„ამ თვალსაზრისით, ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ელჩის განცხადებაც. მათ არ სურთ, რომ ჩინეთი გაძლიერდეს ამ რეგიონში“, – განაცხადა ქოიავამ.

შეკითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რაოდენობა იზრდება და საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე თავის მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს, რამდენად დროული იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც, დიპლომატიური თვალსაზრისით, სი ძინპინთან დაკავშირებით საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა, როცა პუტინისა და სი ძინპინის გასამართლების შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა, რომ ეს ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა, რეზი ქოიავამ აღნიშნა, რომ, ცხადია, პრეზიდენტის ეს განცხადება გამართლებული არ იყო დიპლომატიური კუთხით.

„ჩემთვის გასაგებია ლოგიკა, რომ როდესაც დასავლურ მედიას აძლევ ინტერვიუს თემაზე, რომელიც დასავლეთში მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა, მაგალითად, მე პირადად, შემიძლია, ამაზე თავისუფლად ვისაუბრო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობა აკისრია მთელი ქვეყნის წინაშე და მას ბევრად უფრო მოზომილი განცხადება მართებს“, – განაცხადა რეზი ქოიავამ.