რევაზ სოხაძე - განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდება ისე, როგორც ქალაქის დაგეგმარებისთვის იქნება მისაღები ან საერთოდ არ დამტკიცდება
განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდება ისე, როგორც ქალაქის დაგეგმარებისთვის იქნება მისაღები ან საერთოდ არ დამტკიცდება, – ამის შესახებ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.
„დღეს საკრებულოს სხდომაზე გავიტანთ თემას, რომელიც გუშინ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განვიხილეთ. მივიღეთ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, რითაც ქალაქ გეგმარებითი პროცესი იწყება. ჩვენ ახლა ვიწყებთ პროცესს, შესაბამისად უმრავლეოსობაშიც გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რეკომენდაციები და პოზიცია, რისი ასახვაც დღევნადელი საკრებულოს დადგენილებაში მოხდება. ეს შეეხება, რაც შეიძლება დიდ ტერიტორიაზე, ერთიანი რეკრეაციული სივრცის მოწყობას. განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდება ისე, როგორც ქალაქის დაგეგმარებისთვის იქნება მისაღები ან საერთოდ არ დამტკიცდება. აუცილებელია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რეკრეაციული სივრცეები, სათანადოდ მოხდეს გააზრება სატრანსპორტო სქემების და კავშირების, რადგან ამ მიმართულებით დედაქალაქში პრობლემა არ შეიქმნას. ასევე არის ე.წ. არტ ჰოლის ტერიტორია, რომელიც ამოღებული იქნება გეერგეს არეალიდან. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სივრცეები და ინფრასტრუქტურა მოეწყოს აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმაში. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ქალაქის მერიასთან შესაბამის ინვესტორთან და კომპანიასთან ერთად, რადგან ყველა ეს პირობა დაკმაყოფილებული იყოს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ურბანული საკითხები განიხილება ქალაქის გეგმარების მიხედვით და არა ამა თუ იმ ტერიტორიის კონკრეტული მფლობელის სახელი და გვარის გათვალისწინებით.
„ამ პროექტის განხორციელებამ თბილისის ამ კონკრეტულ არეალში მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ახლა იწყება საკმაოდ გრძლევადიანი პროცესი და აუცილებლად გვექნება მოსახლეობასთან კომუნიკაცია. არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დააზარალებს“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.