რევაზ სოხაძე - დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი დეველოპერებზე იყო მორგებული
ის, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი, მცირე თუ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დედაქალაქში მოქმედებდა წესები, რომლებსაც ხელისუფლებაც ითვალისწინებდა და დეველოპერებიც. ქაოტური განაშენიანება იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი დეველოპერებზე იყო მორგებული. ვისაც სად უნდოდა და რამხელა კორპუსი უნდოდა, ისე აშენებდა. შესაძლოა, ცვლილებები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, ყველასთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ იმას, რასაც დღეს მერია აკეთებს, მხარი თბილისის მოსახლეობამ დაუჭირა“, – განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, მშენებლობა ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან ქვეყნის მშპ–ში 10% სამშენებლო ბიზნესისაა.
„ამიტომ, ჩვენი ვალია, ოქროს შუალედი დავიცვათ, რათა ერთი მხრივ, დაცული იყოს მოქალაქეთა უფლება, რომ ნორმალურ ქალაქში იცხოვრონ და მეორე მხრივ, არ გართულდეს სამშენებლო ნებართვის მოპოვება და ისევ კორუფციის ნიშნები არ გაჩნდეს“, – განაცხადა სოხაძემ.
როგორც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კ3 კოეფიციენტს ფორმალურად, ყველა გამწვანების კოეფიციენტს ეძახდა, მაგრამ რეალურად, ეს დეველოპერების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, მეტ მოქალაქეობრივ შეგნებას ვინ გამოიჩენდა და სკვერებს, თუ პარკებს ვინ გააკეთებდა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ უნდა უზრუნველყოს დეველოპერული კომპანიების მიერ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა, რევაზ სოხაძემ თქვა, რომ გარკვეულ ეტაპამდე ნარგავების მოვლა–პატრონობის ვალდებულება დეველოპერულმა კომპანიამ უნდა აიღოს, ხოლო შემდეგ, პასუხისმგებლობა ყველამ, მათ შორის, ამხანაგობების წარმომადგებლებმაც უნდა აიღონ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გაზრდის თუ არა დამატებითი ვალდებულებები ბინების ფასს, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ დეველოპერი, რომელიც ჩათვლის, რომ გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა–პატრონობის ხარჯი თავისი მოგებიდან არ უნდა მოიკლოს და ბინის ფასზე ასახოს, რისკს თავად განსაზღვრავს.