რევაზ ჯაველიძემ პარიზში საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპების შესახებ OECD-ს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენცია OECD-ის გენერალურმა მდივანმა, მათიას კორმანმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ გახსნეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ OECD-ის წევრი ქვეყნების, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების, ასევე, OECD-ის, ევროკომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე OECD-ის მმართველობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობის პროგრამამ (SIGMA) საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპები ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატებს უკეთესი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. პრინციპები პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მიმდინარე წელს, გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, განახლდა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა მმართველობის ჩამოყალიბების პროცესში საკუთარი გამოცდილება წარადგინეს და არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე დისკუსია გამართეს. რევაზ ჯაველიძემ საჯარო მმართველობის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აღნიშნული რეფორმის მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეფორმა OECD/SIGMA-ს მიერ შემუშავებულ ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და ხუთ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო ფინანსების მართვა. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ საჯარო მმართველობის რეფორმის რიგით მეორე, 2023-2026 წლების სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საჯარო მმართველობის რეფორმა ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.