რევაზ ჯაველიძე - საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში გაწერილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც უნგრელი მეგობრები იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები
რევაზ ჯაველიძე - საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში გაწერილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც უნგრელი მეგობრები იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები

გასული წლის განმავლობაში უნგრეთში საქართველოს მინისტრების, შემდეგ უკვე უნგრელი მინისტრების საქართველოში ვიზიტები ცხრა ხელმოწერილი დოკუმენტით დასრულდა, რაც სასიხარულოა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტები სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის სპეციფიკურ ასპექტებს განსაზღვრავს.

რევაზ ჯაველიძის განმარტებით, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაში გაწერილია კონკრეტული მიმართულებები, რაც განსაკუთრებით ეხება ეკონომიკის საკითხებს და იმ გეგმებს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით აქვს.

„დღეს დაგვირგვინდება ჩვენი მეგობრის, საქართველოს მეგობრის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თავის დელეგაციასთან ერთად. სასიხარულოა, რომ გასული წლის განმავლობაში ის ვიზიტები, რომლებიც განხორციელდა უნგრეთში საქართველოს მინისტრების მხრიდან და შემდეგ უკვე უნგრელი მინისტრების – საქართველოში, ცხრა ხელმოწერილი დოკუმენტით დასრულდა. ვფიქრობ, ეს არის დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძალიან სპეციფიკურ ასპექტებს.

მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა, რომელშიც გაწერილი არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც ჩვენი უნგრელი მეგობრები იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები. ეს განსაკითრებით ეხება ეკონომიკის საკითხებს და პოლიტიკური კუთხით იმ გეგმებს და იმ მიზნებს, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის კონტექსტში.

ხელშეკრულებები, ერთობლივი დეკლარაციები და პროტოკოლები – ხელი მოეწერა განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე იუსტიციის მიმართულებით. აგრეთვე, ხელი მოეწერა ეკონომიკური კუთხით დოკუმენტს. ვფიქრობ, ამ დოკუმენტებში ძალიან ხაზგასმულია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვსურს, განვავითაროთ ჩვენს უნგრელ მეგობრებთან. შემიძლია, ჩემი კუთხით გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა, ჩვენს, მთავრობის ადმინისტრაციასა და ჩემს კოლეგა უწყებას შორის უნგრეთში, იგეგმება ძალიან აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების, მართვის, კოორდინაციის კუთხით, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის კომპონენტში და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ფოკუსირებულია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი ინსტიტუციების ტრანსფორმაცია ევროპულ ყაიდაზე“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.