რევაზ ჯაველიძე - პრემიერის წინააღმდეგ ცრუ და სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს, კერძო ვიზიტისას სახელმწიფო ხარჯი არ ყოფილა გაწეული, ოპოზიციონერები სკანდალის შექმნას ცდილობენ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კერძო ვიზიტის დროს, სახელმწიფო ხარჯი არასდროს გამოუყენებია.
მისივე თქმით, სამთავრობო ბორტის გამოყენებასთან დაკავშირებით კი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტება უკვე გააკეთა.
რევაზ ჯაველიძე ამბობს, რომ პრემიერის წინააღმდეგ ცრუ და სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს.
„მინდა, გამოვეხმაურო ცრუ და სამარცხვინო კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. კერძო ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არასდროს, არც აქამდე, არც იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც საუბარი არის გასულ სიუჟეტში, სახელმწიფოს ხარჯზე არ უმგზავრია და არც მომავალში აპირებს სახელმწიფოს ხარჯზე გამგზავრებას. ვადასტურებთ, რომ ამ მგზავრობის დროს სახელმწიფო ხარჯი არ ყოფილა გაწეული, ეს არის კერძო ვიზიტი. რაც შეეხება, შეეძლო თუ არა, მას გამოეყენებინა სამთავრობო ბორტი, ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა, ეკუთვნის, თუ არა მას დაცვა.
სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები ცდილობენ, სკანდალი შექმნან იქ, სადაც სასკანდალო ნოლია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და რასაც მას კადრებენ სიუჟეტში, წარმოუდგენელია. მთლიანი კამპანია არის ცილისწამება. ჩემი ვარაუდით, ეს ყველაფერი ემსახურება მის და მისი ოჯახის დისკრედიტაციას“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.