რევაზ ჯაველიძე - კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ ევროპაში მე-11 ადგილი დაიკავა, კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 25 ქვეყანას
მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მორიგი აღიარების შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მხრიდან კორუფციის კონტროლის და კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% დაიმსახურა და მსოფლიოში – მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა.
„მსოფლიო ბანკმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით არის მომზადებული, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის და რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% დაიმსახურა და მსოფლიოში – მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა.
კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ ხუთ სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, შვედეთი, პორტუგალია, ბელგია, ალბანეთი, სლოვენია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი. ჩამონათვალი, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდია, მოიცავს 25 სახელმწიფოს, რომლებსაც ვუსწრებთ ჩვენ ამ მონაცემებით“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა იმ კრიტერიუმებზე, რომლებითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კორუფციის კონტროლი შეფასდა.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კორუფციის კონტროლი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: სახელმწიფო სახსრების კეთილსინდისიერი განაწილება, სასამართლო გადაწყვეტილებების, ექსპორტ-იმპორტის, კომუნალური მომსახურების, სახელმწიფო კონტრაქტების და გადასახადების აკრეფის სფეროებში კანონის მოთხოვნების მიღმა გადასახადებისაგან თავისუფლება და სხვ.
კორუფციის კონტროლით საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.
კანონის უზენაესობის კუთხითაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, შთამბეჭდავი. 100%-იანი შეფასების სისტემა იყო და საქართველომ 64% მიიღო. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შეფასდა, 29-ე ადგილზეა ჩვენი ქვეყანა გლობალურად და ევროპაში – მე-14 ადგილზე. კანონის უზენაესობის რეიტინგით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 21 ქვეყანას, მათ შორის, დიდი შვიდეულის 3 სახელმწიფოს. ჩამონათვალი თითქმის იგივეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებაზე; ბიზნესის დაცულობა კრიმინალით და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან, საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობა, საკუთრების უფლება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები და ასევე არაფორმალური სექტორის მდგომარეობა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, კანონის უზენაესობით საქართველო რეგიონში ასევე ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს და ლიეტუვას ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე, „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველო ასევე ძალიან მაღალ დონეზე შეფასდა, მაღალი მონაცემებით. იქაც 100%-იანი შეფასება იყო და 68% მიიღო ჩვენმა ქვეყანამ. სახელმწიფოებს შორის – მე-9 ადგილზე, ხოლო ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზე გავედით.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებს მხოლოდ ორი სახელმწიფო – ფინეთი და ლუქსემბურგი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხი“ შეფასდა ორი კრიტერიუმით – სამთავრობო რეგულირების ტვირთი და არასატარიფო ბარიერების გავრცელება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში.
დასკვნით სახით, მსურს, აღვნიშნო, რომ ზემოთ აღნიშნული რეიტინგები, რა თქმა უნდა, მთავრობის სწორი, ეფექტიანი რეფორმების შედეგია“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.