რევაზ ჯაველიძე - ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები
ცოტა ხნის წინ დასრულდა ძალიან თბილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის ის ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში ხორციელდება.
„სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის ის ეკონომიკური პროექტები, რომლებიც დღეს ხორციელდება რეგიონში. ასევე განხილულ იქნა სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო ინტენსიფიკაციის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო ბრუნვას მიეღწია სამი მილიარდი დოლარისთვის და გასულ წელს სწორედ ამ ნიშნულზე მივიდა ჩვენი ურთიერთობები“, – აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ.
მისივე განცხადებით, ხვალ პრემიერის ხელმძღვანელობით დელეგაცია თურქეთის სამხრეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გაემგზავრება.
„ასევე, განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე და რეგიონში მიმდინარე პროცესები, აგრეთვე უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დელეგაცია ხვალ მიემგზავრება თურქეთის სამხრეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში, სადაც ასევე შესაძლებლობა გვექნება, შევხვდეთ ჩვენს მაშველებს“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.