რევაზ არველაძე - მეეჭვება, რომელიმე უწყებასთან მიერთებული ენერგეტიკა ეფექტიანი გამოდგეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მომხრეა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო აღდგეს.
პირველ არხთან საუბარში რევაზ არველაძე ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სფეროს შესაძლო გამოყოფას და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საეჭვოა, რომელიმე უწყებასთან მიერთებული ენერგეტიკა ეფექტიანი გამოდგეს.
დეპუტატის თქმით, ის თავის დროზე, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგი იყო.
„სამწუხარო ისაა, რომ ამის წინააღმდეგი მხოლოდ მე ვიყავი და არც ენერგეტიკის მინისტრი და არც მისი მოადგილეები. ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება სწორი არ იყო და ვინმესთან შეერთება-მიერთების წინააღმდეგი ვარ. ინფრასტრუქტურა ენერგეტიკასთან რა შუაშია? – არაფერი კავშირი არ აქვთ. თუ საუბარია ელექტროსადგურების ან გადამცემი ხაზების მშენებლობაზე, ეს ისეთი სპეციფიკური ნაწილია, რომ არ შეიძლება, ვინმესთან გაერთიანებული იყოს, რადგან პირდაპირ მიბმულია ექსპლუატაციასთან. როგორ შეიძლება, ექსპლუატაცია გამოყო, ვიღაცას მიაკუთვნო და ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ სხვას გადასცე? მომხრე ვიქნები, რომ სამინისტრო აღდგეს, მაგრამ არ მგონია, ეს გაკეთდეს. მით უმეტეს, როცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მცირე და ეფექტიანი მთავრობა უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ეს ასე გამოვა, მაგრამ მეეჭვება, რომ ვინმესთან მიერთებული ენერგეტიკა ეფექტიანი გამოდგეს“, – განაცხადა არველაძემ.
პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკის სფერო შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოს და შესაბამისი უფლებამოსილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცეს.