Reuters - ვაშინგტონმა რუსულ კომპანია Русал-ს შესაძლოა, სანქციები შეუმსუბუქოს
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა შესაძლოა, ალუმინის მომპოვებელი რუსული კომპანია Русал სანქცირებული კომპანიების სიიდან ამოიღოს. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია საერთაშორისო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა Reuters-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ კომპანია Русал-მა სახაზინო დეპარტამენტს სანქციების შემსუბუქების შესახებ განცხადებით მიმართა.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანი არ არის, კომპანია Русал ბიზნესს ჩამოაშოროს.
Русал მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, რომელიც ალუმინის მომპოვებელ კომპანიებს შორისაა. სანქციების შემსუბუქების შესახებ განცხადება სახაზინო დეპარტამენტში ამ კომპანიამ თავად შემოიტანა.“ – განაცხადა მნუჩინმა საერთაშორისო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.
ალუმინის მომპოვებელი რუსული კომპანია Русал -ისა და მისი მფლობელის, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიმდინარე წლის აპრილში დააწესა. მაშინ სანქცირებულთა სიაში 7 რუსი ოლიგარქი, 17 პოლიტიკოსი და 12 კომპანია მოხვდა.
ზომები სახაზინო დეპარტამენტში „ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების გზით წინააღმდეგობის გაწევის” შესახებ კანონის თანახმად მიიღეს. ამ კანონს ხელი ტრამპმა 2017 წლის 2 აგვისტოს მოაწერა და მასში საქართველოცაა ნახსენები. დამოუკიდებელი პროკურორი რობერტ მიულერი რუს ოლიგარქებზე ნადირობას ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში აწარმოებს.