Reuters - Uber-ის მონაცემთა ბაზის გატეხვაზე 20 წლის ფლორიდელი ჰაკერია პასუხისმგებელი
20 წლის მამაკაცი ფლორიდადან არის პასუხისმგებელი Uber-ის მონაცემთა ბაზის გატეხვაზე და პერსონალური ინფორმაციის მოპარვაზე, – ამის შესახებ Reuters-ს ამ ისტორიაში მონაწილე სამმა წყარომ უთხრა. მათივე ცნობით, სწორედ ამ მამაკაცს გადაუხადა კომპანიამ 100 000 დოლარი და მოპარული მონაცემები სპეციალური პროგრამით გაანადგურებინა.
21 ნოემბერს Uber-ის ორი თანამშრომელი 2016 წელს ჰაკერების მიერ კომპანიის 57 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპარვის საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან გაუშვეს. ამის შესახებ განცხადება მაშინ Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დადა ხოსროვშაჰმა გააკეთა.
„დღეიდან, კომპანიის ორი თანამშრომელი, რომლებიც მომხდარი ინციდენტის დარეგულირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, Uber-ში აღარ იმუშავებენ“, – წერდა ხოსროვშაჰი განცხადებაში, რომელიც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წელს Uber-ზე ჰაკერული შეტევის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი მომხმარებლის ელექტრონული მისამართები და სატელეფონო ნომრები მოიპარეს. ასევე, შვიდი მილიონი მძღოლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის 6000 ამერიკელი მძღოლის მართვის მოწმობის ნომერი.
იმის ნაცვლად, რომ მომხდარის შესახებ რეგულატორისა და თანამშრომლებისთვის შეეტყობინებინათ, მაშინ კომპანიამ ჰაკერებს 100 000 დოლარი გადაუხადა და მომხდარის საიდუმლოდ შენახვა სთხოვა. Uber-ში მიიჩნევენ, რომ ჰაკერებს მოპოვებული ინფორმაცია არაფერში გამოუყენებიათ.
ჯერ არ სახელდება 20 წლის ჰაკერის ვინაობა. გამოძიების ცნობით, საიტის გატეხვაში მას კიდევ ერთი პირი ეხმარებოდა.