Reuters - სპეცპროკურორის მიერ დონალდ ტრამპის ზეპირი დაკითხვა ნაკლებად მოსალოდნელია
სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეპირი დაკითხვა ნაკლებად მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, მიულერის დავალებით, პრეზიდენტის ადვოკატის, მაიკლ კოენის ოფისსა და საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქმესთან კავშირში მყოფ პირებზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მაიკლ კოენის ოფისსა და საცხოვრებელში ჩხრეკის ჩატარებამ აშშ-ის პრეზიდენტი განარისხა. სწორედ ამიტომ, როგორც Reuters წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის ზეპირი დაკითხვა მოხდეს.
დონალდ ტრამპმა, ცოტა ხნის წინ, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე რობერტ მიულერის ოფისთან თანამშრომლობისთვის მზად იყო.
რამდენიმე საათის წინ, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერდა: „მე დავთანხმდი ისტორიულ თანამშრომლობას, დისციპლინურ მიდგომას, რომლითაც ვთანამშრომლობთ რობერტ მიულერთან (კლინტონებისგან განსხვავებით!)”.