Reuters-ი - საფრანგეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ემანუელ მაკრონმა ნიკოლა სარკოზის მიმართა
საფრანგეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ემანუელ მაკრონმა ნიკოლა სარკოზის მიმართა. როგორც Reuters-ი იუწყება, 30 ნოემბერს, ქვეყნის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს შორის ელისეის სასახლეში შეხვედრა გაიმართა, სადაც პოლიტიკოსებმა „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციები და მასთან გამკლავების შესაძლო გზები განიხილეს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პარიზში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ასევე ამ შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გარკვეული დათმობების შესახებ აცნობა. კერძოდ, 2019 წელს დაბალი შემოსავლის მქონე პენსიონერებისთვის გადასახადები არ გაიზრდება. მინიმალური თვიური შემოსავალი 100 ევროთი გაიზრდება. ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება კი არ დაიბეგრება.
Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების დაბეგვრისგან გათავისუფლება ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში მისი ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა იყო.
ამასთან, Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონმა ნიკოლა სარკოზი საქართველოში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საფრანგეთის სახელით გაგზავნა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ემანუელ მაკრონსა და ნიკოლა სარკოზის საქართველოსთან კარგი ურთიერთობა აქვთ. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.