Reuters - საფრანგეთის ხელისუფლებამ საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ირანში გამგზავრება აუკრძალა
საფრანგეთის ხელისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ირანში გამგზავრებაზე შეზღუდვებს უწესებს. სააგენტო Reuters-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალურმა პარიზმა საკუთარ დიპლომატებს ირანში გამგზავრება აუკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ისლამურ რესპუბლიკაში სტუმრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, ჯერ უცნობია, როდის გაუქმდება აღნიშნული შეზღუდვები.
Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზია რამდენიმე თვის წინ, პარიზის გარეუბანში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ტერაქტის მცდელობა, რაშიც საფრანგეთში არსებული ირანის საელჩოს წარმომადგენელი დაადანაშაულეს. აღნიშნულ ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადვოკატი, რუდი ჯულიანიც ესწრებოდა.
საერთაშორისო სააგენტოს წყაროს ცნობით, ირანში მოგზაურობის შეზღუდვები სხვა უწყებებზეც გავრცელდება. როგორც ცნობილია, ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებას გარკვეული პერიოდი სხვა სამინისტროების წარმომადგნლებიც ვერ შეძლებენ.
საფრანგეთის დიპლომატიურ უწყებას Reuters-ის ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ Air France-ი ირანის მიმართულებით ფრენებს აუქმებს. ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ფრენები 18 სექტემბრის შემდეგ შეწყდება. ფრანგულ ავიაკომპანიაში ფრენების გაუქმების მიზეზად კომერციულად არახელსაყრელი გარემო დაასახელეს.
ირანის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადა ენერგეტიკულმა კომპანიამ Total-მაც. ფრანგულმა უმსხვილესმა კომპანიამ 4,1 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტს, რომელიც ირანში სრულდებოდა, ზედმეტად საშიში უწოდა. კომპანიაში მიზეზად აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საფრთხე დაასახელეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეთიშა და გაუქმებული სანქციები აამოქმედა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი იმ კომპანიებს, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ, სანქციებს დაუწესებს.