Reuters - ნიგერიაში, დემონსტრაციაზე პოლიციამ ცეცხლი გახსნა, დაღუპულია 18 აქტივისტი
ნიგერიაში, დემონსტრაციაზე პოლიციამ ცეცხლი გახსნა. შედეგად 18 აქტივისტი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი აქციის ორგანიზატორების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აფრიკული ქვეყნის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა შიიტი მუსლიმები დემონსტრაციებს მართავენ.
აქციის ორგანიზატორები ნიგერიაში მოქმედი ისლამური მოძრაობის წევრები არიან. ისინი მათი ლიდერის, იბრაჰიმ ზაკზაკის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. თუმცა სამართალდამცველებმა დემონსტრაციის ორივე დღეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს და მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნის მიზეზი აქტივისტების დაუმორჩილებლობა გახდა. როგორც ცნობილია, ასობით აქტივისტი დედაქალაქ აბუჯას ცენტრალურ ნაწილში შეღწევას ცდილობდა, სადაც სახელისუფლებო შენობები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს.