ირანი ურანის გამდიდრების მოცულობის გაზრდას აპირებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბეჰრუზ ქამალვანდიმ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის წერილს თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცემს. გარდა ამისა, ირანი გეგმავს, დააჩქაროს ურანის გასამდიდრებლად საჭირო ცენტრიფუგების წარმოება.
მანამდე, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანი არ შეზღუდავს თავის სარაკეტო პროგრამას. მისი თქმით, თეირანი არ აპირებს ითმინოს სანქციები და ბირთვულ სფეროში შეზღუდვები.
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში დონალდ ტრამპმა აშშ-ის ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს შეთანხმების დანარჩენმა მონაწილეებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი) და განაცხადეს, რომ შეთანხმების განხორციელებას გააგრძელებენ.