Reuters Institute-ის გლობალური კვლევის მიხედვით, ახალ ამბებს სულ უფრო მეტი ადამიანი არიდებს თავს
სულ უფრო მეტი ადამიანი თავს არიდებს ახალ ამბებს. ასეთია Reuters Institute-ის მიერ ჩატარებული გლობალური კვლევის შედეგი.
კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი ათი გამოკითხულიდან ოთხი, ანუ 39 პროცენტი ამბობს, რომ ზოგჯერ ან ხშირად თავს არიდებს ახალ ამბებს, რაც გასულ წელთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 29 პროცენტს შეადგენდა.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ახალი ამბებისგან თავის არიდების სურვილი, შესაძლოა, განპირობებული იყოს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომებით.
Digital News Report 2024-ის კვლევის დროს გამოიკითხა 94 943 ზრდასრული 47 ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ იგივე კვლევა აჩვენებს, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ახალი ამბებისადმი ინტერესი არჩევნების გამო გაიზარდა, თუმცა ზოგადი ტენდენცია მტკიცედ დაღმავალი რჩება.
მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ ისინი ძალიან ან უკიდურესად დაინტერესებული არიან ახალი ამბებით, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ახალი ამბებისადმი ინტერესი 2015 წლის შემდეგ თითქმის განახევრდა.
„ახალი ამბების დღის წესრიგი განსაკუთრებულად რთული იყო ბოლო წლებში. ჩვენ გვქონდა პანდემია და ომები, ასე რომ, ადამიანებისთვის ბუნებრივი რეაქციაა, ზურგი აქციონ ახალ ამბებს, იქნება ეს მენტალური ჯანმრთელობის დაცვის თუ, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების გაგრძელების სურვილით“, – განუცხადა „ბიბისის“ კვლევის წამყვანმა ავტორმა, ნიკ ნიუმანმა.
ნიუმანის თქმით, ისინი, ვინც შერჩევითად არიდებენ თავს ახალ ამბებს, ამას ხშირად იმიტომ აკეთებენ, რომ თავს „უძლურად“ გრძნობენ.
კვლევის თანახმად, ქალები და ახალგაზრდები უფრო ხშირად გრძნობენ დაღლილობას ახალი ამბებით. ამავე დროს, ახალი ამბებისადმი ნდობა 40 პროცენტს შეადგენს.
იგივე კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ახალი ამბების ტრადიციული წყაროების – ტელევიზიის და ბეჭდური მედიასაშუალებების აუდიტორია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. ახალგაზრდები კი უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის ინტერნეტიდან ან სოციალური ქსელებიდან მიღებას.
ახალი ამბების გავრცელებისთვის ყველაზე მსხვილი სოციალური მედიის პლატფორმა კვლავ Facebook-ია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ტენდენცია დაღმავალია. ახალი ამბების წყაროდ YouTube-ს გამოკითხულთა 31 პროცენტი იყენებს, WhatsApp-ს – 21 პროცენტი. ამ მხრივ TikTok-მა (13%) პირველად გადაასწრო X-ს (ყოფილ Twitter-ს) (10%).
ამგვარად, ვიდეო ხდება ინტერნეტში ახალი ამბების სულ უფრო მნიშვნელოვანი წყარო, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.