Reuters - ევროკავშირმა მიგრანტთა ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში განათავსოს
ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ე.წ. „განტვირთვის რეგიონული პლატფორმების“ შექმნის საკითხს განიხილავენ. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადების პროექტში.
მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იგეგმება მიგრანტთა ცენტრების შექმნა, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა თავშესაფრის მაძიებლის ევროპაში ჩასვლამდე მოხდება.
Reuters-ის წერს, რომ შესაბამისი ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში განთავსდეს.
„ასეთმა პლატფორმებმა უნდა უზრუნველყოს განაცხადების სწრაფი დამუშავება, რათა მოხდეს ეკონომიკური მიგრანტებისა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირთა გამიჯვნა და შემცირდეს საშიში მოგზაურობის სტიმული“, – ნათქვამია ევროპელი ლიდერების ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელიც სააგენტო Reuters-მა მოიპოვა. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დოკუმენტში შესაძლოა, კიდევ შევიდეს შესწორებები.
განცხადების პროექტში ასევე საუბარია ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილების საკითხზე, რომელიც გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.
„წევრ-სახელმწიფოებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა მეორადი გადაადგილება საფრთხის წინაშე აყენებს თავშესაფრის მინიჭების სისტემის ერთიანობას. წევრმა სახელმწიფოებმა ყველა აუცილებელ შიდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას უნდა მიმართონ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ასეთ გადაადგილებას და ამ მიზნისთვის ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია განახორციელონ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის სამიტი 28-29 ივნისს არის დაგეგმილი.