რესურსცენტრის ხელმძღვანელი - სასწავლო პროცესი 139-ე საჯარო სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს
თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მეგი როსტიაშვილმა განუცხადა, სკოლასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, დავა მიმდინარეობს მასწავლებლებსა და დირექტორს შორის, რომელიც სამართლებრივად უნდა გადაწყდეს.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროცესი სკოლაში მიმდინარეობს შეუფერხებლად და ვფიქრობ, რომ ასე უნდა გაგრძელდეს. ეს არის დავა მასწავლებელსა და დირექტორს შორის, აღნიშნული საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტა უნდა მოხდეს, მათ აქვთ უფლება გაასაჩივრონ დირექტორის გადაწყვეტილება, დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება. მოექცნენ სამართლებრივ ჩარჩოში და იმოქმედონ შესაბამისად“, – განაცხადა მეგი როსტიაშვილმა.
თბილისში, ისან-სამგორის რაიონში, 139-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა – ნინო ხოხობაშვილმა და ლელა მაზმიშვილმა სადამრიგებლო კლასების მოსწავლეებთან ერთად, სკოლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დირექტორს, ნათია ფხალაძეს სკოლაში სასწავლო პროცესის ერთპიროვნულ მართვაში, ასევე განსხვავებული აზრის გამო, დისკრიმინაციასა და მუქარაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ამის გამო ლელა მაზმიშვილი დირექტორმა გაათავისუფლა, დღეს კი, დისციპლინურ საბჭოზე ნინო ხოხობაშვილის საკითხი განიხილება.