რესტორნებს რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ შორის, მოქალაქეთა ტემპერატურის შემოწმება მოუწევთ
რესტორნებს მუშაობის განსაახლებლად რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მოთხოვნებს შორისაა მოქალაქეთა ტემპერატურის შემოწმება, დეზინფექცია და დისტანციის დაცვა.
„რესტორნებთან დაკავშირებით მოთხოვნილი არის ტემპერატურული სკრინინგი მომსახურების მიღებამდე, სადეზინფექციო სამუშოები, მაგიდების განლაგება, შესაბამისი დისტანცია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
საქართველოს რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ მთავრობასთან სარესტორნო ბიზნესს ძალიან წარმატებული ურთიერთობა აქვს და მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა.
„მთავრობასთან მიდის მუშაობა, რათა ეს გაიდლაინი იყოს ადეკვატური, როგორც ჯანდაცვის თვალსაზრისით, ასევე ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. რასაკვირველია, არის ლაპარაკი გარკვეულ შეზღუდვებზე, სიმჭიდროვის შემცირებაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი მომენტი არის, რომ რესტორნების ბიზნესსა და მთავრობას წარმატებული ურთიერთობა გვაქს. რასაც ჩვენ ვამბობთ, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქმება მთავრობის მიერ. პრობლემები არის რასაკვირველია, რადგან შემცირებული სამუშაო არეალი ნაკლები შემოსავლის მიღებას გულისხმობს და შესაბამისად პრობლემას ბადებს“, – აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.
მისი თქმით, რეგულაციები მოიცავს როგორც ღია ტერასების, ასევე შიდა ნაწილის მუშაობის წესებს, როდესაც შიდა ფართები გაიხსნება.
„ამის პარალელურად, მოხდება მონიტორინგი, რათა არ გამოიწვიოს რაიმე აფეთქება ხალხთა ინფიცირების რიცხვის თვალსაზრისით. თარიღებზე ჯერჯერობით არ მიდის ლაპარაკი, მაგრამ არის გაგება იმისა, რომ ბიზნესმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა. შეზღუდვები არის როგორც პერსონალის მუშაობის თვალსაზრისით, შეზღუდვები აქვს სამზარეულოს. მიმტანებსა და მენეჯერებს, ვისაც სტუმრებთან აქვთ შეხება, უნდა ეკეთოთ პირბადეები. ასევე არის თერმოსკრინინგი, ყველა შემოსულ ადამიანს უნდა გაეზომოს სიცხე. თუ ადამიანს ტემპერატურა აღმოაჩნდება, ეს ადამიანი არ დაიშვება კაფეს ტერიტორიაზე. საკმაოდ დიდი ჩამონათვალია“, – დასძინა კოტე გაბრიჩიძემ.