„რესტორანთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ რესტორნებისა და კაფეების ბიზნესს გაკოტრება ემუქრება და შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ გაჩერდეს
„რესტორანთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ რესტორნებისა და კაფეების ბიზნესს გაკოტრება ემუქრება და შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ გაჩერდეს

რაც დრო გადის, კაფეების და რესტორნების ბიზნესი სულ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდება. აბსოლუტურ ბანკროტზეა საუბარი, ერთი წლის შემდეგ შეიძლება, ეს ბიზნესი საერთოდ გაჩერდეს, –  ამის შესახებ „რესტორანთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მთავრობის მიერ სარიტუალო ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების შეფასებისას, გაბრიჩიძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ამ დარგისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქნება.

მისივე თქმით, მაშინ, როცა რესტორნებში ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აკრძალულია, ხალხი მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად სახლებს ქირაობს.

„რაც დრო გადოს, ეს დარგი სულ უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდება. დღე არ გადის, რომ რამოდენიმე რესტორნის დაკეტვა არ გახდეს ჩვენთვის ცნობილი. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ჩვენი ბიზნესისთვის. ეს აკრძალვა  გამოიწვევს იმას, რაც მანამდე იყო, თუნდაც მაისში, ან ივნისში – ქირაობდნენ სახლებს და იქ იხდიდნენ ქორწილებს. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ქორწილების და ქელეხების ჩატარების დაშვების გადაწყვეტილება. შეფასდა რისკები, დაცულ და მოწესრიგებულ რესტორანში სჯობს ქორწილის ან დაბადების დღის გადახდა, თუ ტყეში, ფარდაგებზე ან ნაქირავებ ბინაში. ახლა ისევ გადავდივართ არალეგალურ ნაწილზე, ვინ ვის სად მიაგნებს, დამალულ ქორწილს ეგ კიდევ საკითხავია. რესტორნები ვიცავთ კანონებსა და ვიცავთ რეგულციებს, და ვინც ვიცავთ, სწორედ მათ ყველაზე მეტად მოგვხვდა ცხვირში.

ჩვენი ასოციაციის წევრებიდან ბევრს ჰქონდა აღებული ჯავშნები, ბევრს ჰქონდა აღებული თანხის ნაწილი. დაახლოებით, 250-ზე მეტი წევრი გვყავს. ხდება ჯავშნების გაუქმება, აღებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნება. ეს ძალიან ცუდი ფაქტია“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებისას სამართალდამცველები არათანმიმდევრულ მიდგომას იჩენენ.

„კიდევ ერთი ცუდი ფაქტის შესახებ მინდა ვთქვა. ამ დავალების აღსრულება დამატებით დაევალა შსს-ს, რომლის თანამშრომლები ამ მიმართულებით საკმარისად არ არიან დატრენინგებული, რაც იწვევს იმას, რომ ბრძანება ყველა განყოფილებაში სხვადასხვანაირად გაიგეს. ზოგი კაფეების დახურვას ითხოვს, ზოგი – დარბაზში 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნას კრძალავს. გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია აბსოლუტურად არასწორად იქნა გაგებული.

კრიმინალად გვიყურებს ფაქტობრივად შსს. შედიან, ატერორებენ: „ხვალ არ გნახო გახსნილი, თორემ მოვალ და 10 000 ლარით დაგაჯარიმებ“. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ჩვენ დამნაშავეების ბრბო ვიყოთ.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს დარგი ნელ-ნელა იხურება და საერთოდ კვდება. ზარალი კი არა, აბსოლუტურ გაკოტრებაზეა ლაპარაკი. ერთი წლის მერე შეიძლება, საერთოდ გაჩერდეს კაფეების და რესტორნების ბიზნესი“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.