რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრემიერთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა და მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პრემიერთან პროდუქტიული საუბარი შედგა და მათ თავიანთი მოთხოვნების შესახებ გააცნეს.
ამასთან, ექიმების ინფორმაციით, ირაკლი კობახიძესთან მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება.
„შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. ხვალ გაიმართება მეორე შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული. მოვახსენეთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ჩვენთვის მტკივნეული იყო, ვუთხარით, რაც გვაწუხებდა. აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ ყველაფერი, რისი თქმაც გვინდოდა და რა არგუმენტებიც გვქონდა. ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პრემიერ-მინისტრმა პირველი პირისგან გაიგო იმის შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მის თანამშრომლებს აწუხებს და რის გამოც ერთი თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა კლინიკაში.
ხვალ, ოთხი საათისთვის გაგრძელდება შეხვედრა ისევ პრემიერთან. ველოდებით, რომ მხოლოდ მოსმენის რეჟიმში არ იქნება. პრემიერმა ყურადღებით მოისმინა არგუმენტები, დაგვისვა კითხვები, რაც მისთვის საინტერესო იყო. მაგალითად, იკითხა ერთი საწოლის ღირებულება, რამდენ საწოლზე უნდა იყოს კლინიკა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ასე ვერ მიიღებს, დღეს უბრალოდ გვისმენდა. გაგრძელდება კონსულტაციები. ხვალ განმეორებითი შეხვედრა არის დაანონსებული. ჩვენ ვუთხარით, რომ ვიდრე შენობის დემონტაჟი გადაწყდება, პროექტები, საქმიანი წინადადებები იქნება, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ. ვუთხარით ის, რასაც ვითხოვდით და რამაც, ფაქტობრივად, თანამშრომლები მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. დღევანდელი შეხვედრის მთავარი შედეგი არის არგუმენტების სრულად წარდგენა პრემიერისთვის და შემდგომი კონსულტაციების დაანონსება“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა.