რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ექიმების ინფორმაციით, შეხვედრისთვის კლინიკაში დღეს დილით მოულოდნელად მივიდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, კლინიკის დირექტორი ზაზა ავალიანი და სამედიცინო ჰოლდინგის თავმჯდომარე ვლადიმერ შელია.
როგორც ექიმებმა განაცხადეს, მათი მხრიდან დაისვა კრიტიკული კითხვები და გამოთქვეს თავიანთი მოთხოვნები, თუმცა შეხვედრაზე კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა. მათივე ინფორმაციით, სამინისტროსგან მიიღეს ერთადერთი დაპირება, რომ შეხვედრები გაგრძელდება.
რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი დუნდუას თქმით, მთავარია, კომუნიკაცია დაიწყო და შედგა შეხვედრა კლინიკის თანამშრომლებსა და სამინისტროს შორის.
„დღევანდელი შეხვედრა შეიძლება, დადებითად შეფასდეს. გავაცანით ჩვენი პოზიციები და არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. უბრალოდ, ვეცადეთ, მინისტრის მოადგილეებისთვის მოგვეხსენებინა ჩვენი ძალიან მკაცრი მოთხოვნები. გამოთქვეს სურვილი, რომ საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში შედგეს კომუნიკაცია. ეს შეიძლება, ჩავთვალოთ პატარა მიღწევად. ძირითადი მოთხოვნები რჩება უცვლელი. ვიდრე არ გაიცემა სარწმუნო და დასაბუთებული დაპირება, რომ კოლექტივი უწყვეტ რეჟიმში, უცვლელი შემადგენლობით გავაგრძელებთ მუშაობას, გინდ რეაბილიტაციამდე, გინდ ახალი შენობის აშენებამდე, პროტესტი გაგრძელდება. კვლავ რჩება ძალაში დირექტორის შეცვლის მოთხოვნა. ზაზას ავალიანს კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია“, – განაცხადა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ.
როგორც კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლების შორის შედგა დიალოგი. ამასთან, დარწმუნებულია, რომ დიალოგს კონსტრუქციული სახე ექნება და ვნებათაღელვა ჩაცხრება.
„დაიწყო საუბარი აუდიტორიულ და არა – საპროტესტო რეჟიმში. საუბარი იყო მწვავე, რადგან ბევრი მწვავე კითხვა დაისვა. დაიგეგმა მომავალი შეხვედრები, შედგება სამუშაო ჯგუფი, ჩაინიშნება შეხვედრები, გაგრძელდება დიალოგი. ერთი და ორი შეხვედრით ვერ გადაწყდება ის მთავარი საკითხები, რაც ჩვენ და მთელ ქვეყანას აწუხებს. დარწმუნებული ვარ, დიალოგს ექნება კონსტრუქციული სახე და ეს ვნებათაღელვა ჩაცხრება. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოგვისმინეს, გაიგეს ჩვენი გულისტკივილი, ჩვენი მოთხოვნები. ამ ეტაპზე ყალიბდება კონცეფცია და ჩვენთან ერთად ყველაფრის განხილვა მოხდება. ძალიან მწვავე დიალოგი იყო, შედეგს ვნახავთ“, – აღნიშნა თეა თავართქილაძემ.
ამასთან, მიმდინარე კვირაში ექიმები აცხადებდნენ, რომ კლინიკა წამლების დეფიციტის წინაშე დგას. თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკა ამ პრობლემის წინაშე არ დგას.
„გარწმუნებთ, ყველა პაციენტს, რომელიც შემოდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ამ ეტაპზეც, ამ პირობებში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, უტარდება შესაბამისი სამკურნალო პროცედურები, მათ შორის ოპერაციული ჩარევაც. მეტსაც გეტყვით, ჩვენთან ძალიან ბევრი სტუდენტი და რეზიდენტი გადის პრაქტიკულ მეცადინეობას და არც ეს სასწავლო პროცესი არ არის ჩაშლილი“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
ერთი კვირაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის მოსალოდნელ დემონტაჟს და მკურნალობის პროცესის შეწყვეტას აპროტესტებენ. სანაცვლოდ მოითხოვენ, შენობის განახლება სარემონტო სამუშაოების შედეგად მოხდეს, პარალელურ რეჟიმში კი კლინიკის ფუნქციონირება გაგრძელდეს.