რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შვიდი ტესტის პასუხი, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფო ელოდა, კორონავირუსზე უარყოფითია.
ამ დროის მონაცემებით, კლინიკას კოვიდინფიცირებული არ ჰყავს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 13 პაციენტის პასუხს გვიან ღამით ელოდებიან.
საავადმყოფოში სულ 46 პაციენტი იმყოფება, მათგან ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მათ შორის მარნეულიდან გადმოყვანილი ხანდაზმული მამაკაცი.
საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ საყურადღებოა.
„გუშინ ჩაუტარდა ტესტირება შვიდ პაციენტს და შვიდივე პასუხი იყო ნეგატიური. რეანიმაციაში გვყავს ოთხი პაციენტი, ორი აქედან არის ჰემოდიალიზის გამო შემოსული, ცხელებით. ასეთი პაციენტებიდან შემდგომ, ვისაც ესაჭიროება ჰემოდიალიზი და ექნება მაღალი ცხელება, იქნებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ერთი მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოვიყვანეთ გუშინ მაღალი ცხელებით და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. გვყავს ის ცნობილი მარნეულელი პაციენტი, მისი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა კვლავ მძიმე რჩება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
გოფოძემ ასევე განცხადება გააკეთა იმ ექიმების აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რომელთაც შეხება აქვთ პაციენტებთან.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები მაქსიმალურად ასრულებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
„ჩვენ და ჩვენი სამედიცინო პერსონალი სარგებლობს ყველა იმ დამცავი საშუალებით, რომელიც არის რეკომენდირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ანუ იმ პაციენტებთან, რომლებიც საეჭვო არიან ან რეანიმაციულ პაციენტებთან, ექიმები, სანიტრები და მედდები შედიან სრული ეკიპირებით. ამას მკაცრად ვაკონტროლებთ და ვცდილობთ, არც ერთი უმნიშვნელო დარღვევაც არ გამოგვრჩეს, რადგან რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი“ ,- განაცხადა გოფოძემ.