რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 46 პაციენტი იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საუბარია მარნეულიდან რამდენიმე დღის წინ გადმოყვანილ ხანდაზმულ მამაკაცზე, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაინც განაგრძობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გუშინ შვიდ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, კორონავირუსზე ყველა პასუხი ნეგატიური იყო. ხვალ დილისთვის კი, საავადმყოფო კიდევ 17 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდება. კლინიკაში ამ ეტაპზე არც ერთი ინფიცირებული არ იმყოფება.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 პაციენტია დაკვირვების ქვეშ, რომელთა მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ერთ პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. ეს არის მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი სუნთქვის მძიმე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, მძიმე თანმხლები დაავადებებით. თუმცა, ამ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა მკურნალობის ფონზე. ტესტი ჩატარდა, უარყოფითია და რაც მთავარია, არ აქვს შეხება იმ ცნობილ, მარნეულის შემთხვევასთან. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ შვიდ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა პასუხი ნეგატიურია. დღეს 17 პაციენტი მომზადდა ტესტირებისთვის. ხვალ დილით გეცოდინებათ პასუხები. ინფიცირებული ამჟამად ჩვენთან არ წევს“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.