რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 46 პაციენტი, ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
„ოთხი პაციენტი გაეწერება ბინაზე, ათ პაციენტამდე გადავა თვითიზოლაციაში და საკარანტინო ზონებში. გუშინ შვიდ პაციენტს აუღეს ტესტი, ყველას პასუხი იყო ნეგატიური. დღეს ვაპირებთ, ათი პაციენტი გაიტესტოს კორონავირუსზე და დაველოდებით შედეგებს. ძირითადად ტესტირება ხდება ისეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ან ვირუსთან მაღალი შემხებლობის ისტორია. ჩვენს კლინიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული არ არის“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება კლინიკის ბოქსირებულ პალატებს, საავადმყოფოში არის 15 სარეანიმაციო და 20 ინტენსიური პალატა.