რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 34 პაციენტი იმყოფება, მათგან 10 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.
მისივე თქმით, მათ შორის ოთხი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.
„სამედიცინო პერსონალიდან ოთხს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, გუშინ იყო პირველი შემთხვევა და დღეს ამას დაემატა სამი. მუდმივად ვაფრთხილებდით ყველას, მათ შორის მოსახლეობასაც – კოვიდინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით ცხოვრობს და არ უნდა მოვეშვათ, არ დავარღვიოთ წესები. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა, ჯერ მედპერსონალის ერთ წარმომადგენელს დაუდასტურდა და დღეს კიდევ სამი დაემატა.
რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმურად ვუტარებდით „პისიარ“-ტესტირებას მთელ მედპერსონალს. ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა ყველა და ყველა ნეგატიური იყო. ახლა თავიდან დავიწყებთ და გავტესტავთ ყველა მედპერსონალს, რომ ავიცილოთ გავრცელება“,- განაცხადა გოფოძემ.
გოფოძის თქმით, ინფიცირების წყაროს შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამ მიმართულებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს.
„წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, იყო დერეფნის დამლაგებელი. მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ საიდან მოვიდა, ჩვენ არ ვიცით, ამაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს, იკვლევს მის კონტაქტებს და შემოწმების შემდეგ ვნახავთ, საიდან მოხდა“, – განაცხადა გოფოძემ.
ლევან გოფოძის განმარტებით, ინფიცირებული მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„შეიძლება ითქვას, ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2. დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ. ეს არაფერს ნიშნავს და ისინი ჩვენი დაკვირვების ქვეშ არიან“, – აღნიშნა გოფოძემ.
თუმცა, გოფოძის ინფორმაციით, კლინიკას ერთი მძიმე პაციენტი ჰყავს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ორმხრივი პნევმონია აქვს.
ამასთან, ლევან გოფოძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი მთლიანად იყოს გამოკვლეული.
გოფოძის თქმით, თანამშრომლების ტესტირების შემდეგ ახალი შემთხვევები თუ არ გამოვლინდა, როგორც დაგეგმილი იყო, რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 15 ივნისიდან დაუბრუნდება.
„თავისი ადმინისტრაციით, მათ შორის ლევან გოფოძის ჩათვლით, ამის შემდეგ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი. მოგეხსენებათ, განვაცხადეთ, რომ სულ სამი პაციენტი გვყავდა დარჩენილი, აქედან გამომდინარე, 15-ში ვაპირებდით გახსნას და ისევ მრავალპროფილური კლინიკის მასშტაბით მუშაობას.
როგორც კი დავასრულებთ სტაფის გამოკვლებას და თუ აღმოჩნდა, რომ სხვა გავრცელება არ აქვს ჩვენს კლინიკაში, მაშინ ისევ ვეცდებით გადავიდეთ ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა გოფოძემ და დასძინა, რომ კლინიკა პაციენტებს კვლავ მიიღებს.
„შეწყვეტა არ იგეგმება, რადგან ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, იზოლირებულები არიან. ჩვენთან მედპერსონალს დაცვის სრული საშუალებები აქვს და „ცხელების ცენტრი“ ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, იმიტომ, რომ ცხელების ცენტრიდან, მაგალითად, გუშინ სამ პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. სანიტრები არიან ჩვენთან ინფიცირებულები და დავარქვათ სანიტრის კლასტერი – ჯერჯერობით. ექთანი ერთია“, – განაცხადა გოფოძემ.