რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის შესახებ დღეს პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა.
„ახალი კონცეფციის თანახმად, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია. საავადმყოფო 700-მდე საწოლზე იქნება გათვლილი, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებას უზრუნველყოფს. სამედიცინო დაწესებულებაში იფუნქციონირებს მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე – კლინიკური თუ პათომორფოლოგიური ლაბორატორიები. გარდა აღნიშნულისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა, სადაც განთავსდება სტაციონარი და ორიენტირებული იქნება სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე: ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია, ჰიბრიდული საოპერაციოები. კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას. სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციური ბლოკი. ასევე, გაიხსნება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი. ასევე, კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 42 000 კვ.მ გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონას. შედეგად, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, სადაც პაციენტები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღებენ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.