რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი აქციას მართავს.

ექიმებისა და ექთნების მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად არ მოხდეს მათი გათავისუფლება და არ შეჩერდეს მკურნალობის პროცესი.

აქცია დილიდანვე რესპუბლიკური საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელში დაიწყო, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა შენობის უკანა მხარეს გადაინაცვლეს, სადაც მდებარეობს „სამედიცინო ჰოლდინგი“, რომელიც სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვას უზრუნველყოფს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ჰოლდინგის წარმომადგენლები არ დახვდნენ, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს. საინიციატივო ჯგუფი 30-მდე ექიმით დაკომპლექტდა. დღის განმავლობაში ისინი წარმოადგენენ გეგმას, კონკრეტულ წინადადებებს, რომელთაც მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ.

როგორც რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ განაცხადა, უნდობლობას უცხადებენ როგორც კლინიკის, ისე „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობას.

კლინიკის თანამშრომლების განცხადებით, მათ სურთ ჰოლდინგის ხელმძღვანელობასთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.