რესპუბლიკური საავადმყოფოს 10 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს 10 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტი იმყოფება, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ათივეზე პასუხი უარყოფითი იყო.

„დღეს კიდევ ხუთ პაციენტს ჩავუტარებთ ტესტირებას, დაგეგმილია რამდენიმე პაციენტის გაყვანა კლინიკიდან, ზოგი კარანტინის ზონაში გადაინაცვლებს. ზოგი თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

როგორც მან განმარტა, ხუთივე პაციენტი, რომელთა სინჯებს ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება, ჩამოსულია სხვადასხვა ქვეყნიდან.

„მათ გამოუვლიდნათ კლინიკური ნიშნები, ხველებით, ცხელებით და აშ. ყველა არის საქართველოს მოქალაქე“ – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.