რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მარნეულიდან გადმოიყვანეს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 58 პაციენტია, აქედან 40 კორონავირუსით ინფიცირებულია. სამი გამოჯანმრთელებული დღეს წავიდა. დანარჩენები რჩებიან. კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დღეს გადმოიყვანეს. ხელოვნური თირკმელი სჭირდება, ანუ ჰემოდიალიზი და ამიტომ გადმოიყვანეს მარნეულიდან. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ველოდებით გამოჯანმრთელების რეზულტატებს. ხვალ დილით გვეცოდინება ზუსტად, რამდენი პაციენტია კვლევაში. დაახლოებით 7-8 ანალიზი მაინც უნდა ჩატარდეს, ეს არის როგორც პირველადი, ისე მეორადი ტესტები“,- განაცხადა გოფოძემ.