რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხუთმა პაციენტმა დატოვა
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხუთმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი, რომელთაც უგრძელდებათ მკურნალობა.
„დღეს ხუთი გამოჯანმრთელებული გავწერეთ. ყველა კორონავირუსიანი პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჯერჯერობით არც ერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. დღეს სულ სამი პაციენტი გავტესტეთ. ვნახოთ, ხვალ ველოდებით პასუხებს. თუ ხვალაც და ზეგაც ნეგატიური პასუხები იქნება, გავწერთ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.